ზაზა ბაზელი: ყველა ჩართულია როდესაც რაიმეს ვქმნით. ზოგს თუ ტექნიკურად შეუძლია, ზოგი აზროვნებით აკეთებს მეტს

პირველ რიგში, ხელოვანი ვარ. ნიკოლაძე დავამთავრე და შემდეგ ისრაელში წავედი. იქ მივიღე უმაღლესი განათლება. სახვითი ხელოვნების პროგრამა გავიარე იტალიაში. ზოგადად, მოქმედი ხელოვანი ვარ, მაგრამ ეს სფერო ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ბავშვებთან ურთიერთობა, განათლება.

შემოქმედებითი აზროვნება

ჩემი აზრით, აუცილებელია ბავშვმა განათლება მიიღოს ხელოვნებაში. დაწყებული პატარებიდან, სულ მცირე – ,,წვრილი მოტორიკის“ განვითარებისთვის. როცა, ბავშვი ქმნის, იწყებს რაღაცის ხელით კეთებას – გაგრძელებული შემოქმედებით აზროვნებამდე. რომელიც ყველაფერში ეხმარება ადამიანს. ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება.  თუ კი რამეს ეძებს ყველა წამყვანი კომპანია დღეს – ეს არის შემოქმედებითი აზროვნება. რასაც, ვერ მისცემს ვერც ერთი რობოტი, ვერც კომპიუტერი. რომელიც იმას შემატებს, რასაც ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ამ უნარებს, გამოიმუშავებს შემოქმედებით. ის რომ მისი ფანტაზია, შემოქმედებასთან ერთად, ცდილობს იდეა მოიფიქროს და განახორციელოს. რომ შეუძლიათ ბავშვებს დაგეგმომონ. ანუ მეთოდი, რითაც ვასწავლით არის – სხვადასხვა მასალებთან შეხება, შემოქმედებითად მიდგომა -არა ის, რამდენად კარგად შეუძლია დახატოს.

ბავშვებისგან არ ვიღებ არგუმენტს, რომ ,,მე არ შემიძლია ხატვა“. ჩვენთან ყველა ჩართულია როდესაც რაიმეს ვქმნით. ზოგს თუ ტექნიკურად შეუძლია, ზოგი აზროვნებით აკეთებს მეტს. საბოლოო ჯამში, ხვდებიან რომ ერთ რამეს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე პასუხი. რამდენიმე შესაძლო გზა შექმნისა.

როდესაც ამას ხედავენ, მითუმეტეს თავისი მეგობრების ნამუშევრებში, უკვე თვითონაც იხსნებიან და ხვდებიან, რომ თურმე სხვანაირადაც შეიძლება.

შემდეგ სხვადასხვა ინტერესები უჩნდებათ, მაგალითად თვითმფრინავის ინჟინერია, არქიტექტორობა. არა მაინც და მაინც ხატვა – პირიქით, შესაძლოა სულ სხვა განხრით იპოვოს საკუთარი თავი ბავშვმა. სწორედ ამას უნდა შეუწყო ხელი.  მშობლებისგანაც ძალიან დიდი ინტერესია, ხედავენ შედეგებს და მხარს გვიჭერენ.

გამოფენა

წელიწადში 2 -ჯერ გვაქვს ნამუშევრების გამოფენა. პირველი საახალწლოდ, და მეორე უკვე წლის ბოლოს, რომელიც დამაგვირგვინებელია. ეხლა ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა გაკეთდეს უკვე არა სკოლაში, არამედ უფრო სერიოზული სახე მივცეთ და იყოს გალერეაში. იმისთვის, რომ ბავშვებს მეტი სტიმული ჰქონდეთ. ბავშვებმა ნახონ, რომ მათი ნამუშევრები ფასდება. უკვე თვითონაც სხვანაირად უყურებენ ამას და სხვებისთვისაც სტიმულია. პატარებში ასეც ხდება, უფრო მოზრდილებს სჭირდებათ მეტი ყურადღება ამ მხრივ.

პროცესი

ჩვენი მიდგომა თავისუფალია. არ ვართ ჩარჩოებში – რომ ეხლა ყველამ უნდა დახატოს ცა, ან ყვავილი. ბავშვის შემოქმედებითობაზეა აგებული პროგრამა. რომელიც, თავისუფლებას აძლევს მას. შეუძლია ეს ყვავილი, გააკეთოს თუნდაც, ნარჩენი მასალებით. იმით, რასთანაც უფრო მეტად გრძნობს თვითონ კავშირს. რაც მას ჰგონია, რომ შეუძლია აალაპარაკოს და გახადოს მისი სათქმელი. თუნდაც, ეს იყოს მისი მხრიდან გამოთქმული ლექსი.

ყველანაირად ვცდილობთ, იგრძნონ თავი კომპლექსების გარეშე – ,,ეს მე არ შემიძლია”.

ხვდებიან, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა რაღაც შექმნას. შემდეგ, თვითონვე უკვირთ ხოლმე რომ გამოსდით კეთება. ეს არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს ხელოვნება. რომ უფრო მეტად დააინტერესოს ადამიანი. ცოდნის გაღრმავებისკენ უბიძგოს. სხვაგვარად, ხელოვნება ,,Craft”-ია და არა ,,Art“-ი.

დღეს, უკვირთ რატომ შეიძლება იყოს შავი კვადრატი საინტერესო. მილიონად იყიდება – ,,რა არის მაგ სისულელეს ხომ მეც გავაკეთებო“ ამბობენ. ზუსტად ეს განსხვავებაა – როცა კონტექსტს გარეთ ხედავ შემოქმედებას.

ბავშვებს ვურჩევდი იკითხონ და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ. ეს ავითარებს წარმოსახვით სამყაროს, მეტ არეალს გაძლევს იაზროვნო და წარმოსახვის უნარი გქონდეს. კარგია ყველანაირ ინფორმაციასთან წვდომა. როდესაც, ბევრი გაქვს ნანახი, მარტივად შეგიძლია შემდეგ ამოიკითხო კონტექსტი. მაგალითად, რომ დაინახო კაცი, რომელიც მუხლზეა მოხრილი და ხელში თავის ქალა უჭირავს, თუ წაკითხული ან ნანახი გაქვს შექსპირი, ამას გარკვეულ კონტექსტში დაინახავ. როდესაც, არ გაქვს შეხება ამ ინფორმაციასთან, მაშინ ეს შენთვის არაფერი არ არის.

ფიროსმანი

ამას, ხშირად ამბობენ ხოლმე ფიროსმანზეც. რომელიც მოწყვეტილია კონტექსტიდან, თავისი პერიოდისგან. ის იყო გამონაკლისი და ამ გამონაკლისობის ხარჯზეა მეტწილად საინტერესო. მისი მიდგომა, მთელი სიწმინდე და დამაჯერებლობაც ამ უბრალოებაშია. სუფთა, არა-გაჭუჭყიანებული აკადემიური სწავლებით. მანდ ჩანს მისი სიმართლე, გრძნობადობა, შეხება იმ დროის კულტურასთან. რითაც განსხვავდებიან დღევანდელი მხატვრები მისგან. რომლებიც ეძებენ დრამატულ თემას – რა დახატონ, რა გააკეთონ. დრამატიზმს ეძებენ როდესაც გვერდში აქვთ. თემები, რომლებიც შეუძლიათ წამოჭრან და თქვან. ფიროსმანი სწორედ ამას აკეთებდა. სულ სხვა ქართველობა აქვს გამოხატული ამ ლაღ პერსონაჟებში, ლამაზი და სწორი სახეებით. ეს იყო რეკლამის სახით. სასადილოები და ადგილები სადაც ფენდნენ – იყო პირდაპირი კონტაქტის საშუალება მის მაყურებელთან. ის როგორც მოვლენაა საინტერესო.

ტექნოლოგია და ხელოვნება

ერთია, ხელოვნებაში რა შეცვალა ტექნოლოგიამ. მეორე – განათლებაში. ტექნოლოგია – როგორც Vilém Flusser -ი ეძახის – ხელოვნების პატარა დად ითვლება და მისი განვითარების ნაწილია. ის ასე აღწერს ხელოვნებას – როდესაც, ადამიანი მიდის ტყეში და ხვდება ძირს ჩამოვარდნილი ტოტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს დამხმარე საშუალებად და იყენებს გზის გასაკვალად. ანუ, როდესაც იღებ რაიმეს, კონტექსტიდან ამოგლეჯილს და ამას იყენებ სხვა კონტექსტში, ბუნებრივისგან განსხვავებულში.

სწავლების პროგრმაც აგებულია ტექნოლოგიაზე. ვიყენებთ ვიდეო გაკვეთლებს, რომ ბავშვმა ისწავლოს სწორედ წაკითხვა. Youtube-ზეც დევს უამრავი ვიდეო, სადაც შეგიძლია შეხვიდე და ნებისმიერი რამ ისწავლო, რასაც მოისურვებ. მასწავლებლის ფუნქციაც ზუსტად ეს არის, რომ დაეხმაროს ბავშვს სწორად წაიყვანოს შემეცნების პროცესი.

ხელოვანი

ხელოვნება რა თქმა უნდა პოლიტიკურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს პირდაპირ ილუსტრირებას – რადგან დღეს ყველა ხის გადატანაზე საუბრობს, ადგე და ხე დახატო ნავზე და ამით გამოხატო შენი დამოკიდებულება. ხელოვანი უნდა იყოს ფხიზელი, ასე ვთქვათ ,,პროვოკატორიც“ კი. და არა ძველი გაგებით – რომანტიკული – ჩაკეტილი თავის სტუდიაში და ქმნის გენიალურ რაღაცებს. ეს არასდროს ყოფილა და არც დღეს არის. ასეთი მითია ალბათ ძალიან ლამაზი ,,ლოთი“ და თავის თავში ჩაკეტილი ხელოვანის.

ცხოვრება ხელოვნებით

ესეც სტერეოტიპულია, რომ ხელოვანი სულ გაჭირვებული, მათხოვარი და მშიერია. დღეს-დღეობით, წარმატებული ყველა ხელოვანი, ჩათვალეთ მილიონერია.  რომელიც, აქტიურია მსოფლიო დონეზე. პრობლემა ისაა, რამდენად გახდები საინტერესო. ეს დიდი პრობლემა ზოგადად, რამდენად იქნები ამ გლობალურ, მსოფლიო სცენაზე. მაგრამ არიან დღეს, ვინც ამას აღწევენ და ქმნიან ამ კარიერას.

იმისთვის რომ მიაღწიო მეტს. უნდა იყო იქ სადაც დუღილია და არა პერიფერიაში. აქედან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ამას ცდილობენ.

ჩემთვის, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ჩართულობა. მე ამას ვხედავ, როგორც ჩემი შემოქმედებითი აზროვნების ნაწილს – როგორც მოქმედი ხელოვანი. ასევე ჩემი პროექტია სკოლაში მოღვაწეობა და ბავშვებთან ურთიერთობა და ზოგადად, თუ კი რამე შემიძლია შევცვალო და შევიტანო ამაში რაიმე წვლილი.