„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

დაწყებითი საფეხურის პროგრამა

საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი საფეხური პროგრამა (PYP) 3-12 წლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მსოფლიო ლიდერია მომავალზე ორიენტირებული, დროგამძლე განათლების მიმართულებით. პროგრამის მიზანია მზრუნველი, აქტიური ახალგაზრდების აღზრდა და მათთვის სწავლის სიყვარულის განმტკიცება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

კვლევასა და რეფლექსიაზე დაფუძნებული სწავლების გზით, PYP-ის მოსწავლეები ცოდნას, კონცეპტუალურ გაგებას და IB მოსწავლის პროფილისთვის დამახასიათებელ უნარებსა და ატრიბუტებს იძენენ, რათა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ისე ზოგადად, საზოგადოებაში.

PYP-ის მიზანია დამოუკიდებელი და ამავდროულად, თანამშრომლობითი უნარების მქონე მოსწავლეების აღზრდა, რომლებსაც აქვთ საკუთარი აზრი, არჩევანი და მართავენ თავიანთ სასწავლო პროცესს. ინიციატივის გამოვლენით, PYP-ის მოსწავლეები საკუთარ სწავლებაზე იღებენ პასუხისმგებლობას.

IB მოსწავლის პროფილი PYP-ში

IB მოსწავლის პროფილი ადამიანის გუნება-განწყობილების შესაძლებლობებისა და თვისებების ფართო სპექტრს ასახავს, რომელიც ინტელექტუალურ, პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ზრდას უზრუნველყოფს. მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები – სასწავლო საზოგადოების ყველა წევრი პასუხისმგებელია IB-ს მოსწავლის პროფილის ატრიბუტების განვითარებაზე.

საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლე მიისწრაფვის, რომ იყოს მკვლევარი, მცოდნე, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, პრინციპული, გონებაგახსნილი, მზრუნველი, გაბედული, გაწონასწორებული და რეფლექსიური.

IB მოსწავლის პროფილის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

10 მიზეზი

როგორ უზრუნველყოფს IB-ის დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP) აქტიური ახალგაზრდების აღზრდას და მათთვის სწავლის სიყვარულის შთაგონებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

1. ცნობისმოყვარეობის წახალისება: PYP მოსწავლეების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას აფასებს და შემოქმედებითი, მხარდამჭერი და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

2. კომპლექსური და ურთიერთდამოკიდებული სამყაროს შეცნობა: PYP-ს მოსწავლეები საკუთარ შეხედულებებს და გაგებას რეალურ სამყაროში არსებული საკითხების შესწავლით აყალიბებენ.

3. PYP-ს მოსწავლეები თავდაჯერებული კომუნიკატორები არიან: PYP-ს მოსწავლეები კომუნიკაციას სხვადასხვა გზებით, ერთზე მეტ ენაზე სწავლობენ.

4. ვისწავლოთ ის, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ: PYP-ს მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ მასწავლებლებთან და თანატოლებთან საკუთარი სწავლების დაგეგმვის, წარმოჩენისა და შეფასების მიზნით.

5. საერთაშორისო აზროვნების ხელშეწყობა: თანამშრომლობა და როგორც საკუთარი, ისე სხვა კულტურების გაგება PYP-ს მნიშვნელოვან ფოკუსს წარმოადგენს. მოსწავლეები ურთიერთპატივისცემასა და კრიტიკულ აზროვნებას სწავლობენ.

6. განსხვავებული პერსპექტივების გაგება: საგნების როგორც ინდივიდუალური, ისე ტრანსდისციპლინური შესწავლით, PYP-ს მოსწავლეები კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებას ცოდნის, გაგების და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების  გასავითარებლად იყენებენ.

7. PYP-ს მოსწავლეები მოქმედებენ: PYP-ს მოსწავლეებს სჯერათ თვითგანვითარების და წარმატების, აკეთებენ მართებულ არჩევანს და პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ ქმედებებზე.

8. საკითხების ანალიზი: კრეატიული სწავლება გამჭრიახი და ფართო წარმოსახვის მქონე მოსწავლეების აღზრდას უზრუნველყოფს, რომლებიც წარმატებით უპასუხებენ ახალ და მოულოდნელ გამოწვევებს თუ შესაძლებლობებს, სულ უფრო გლობალიზებულ და ცვალებად სამყაროში.

9. სკოლის სასწავლო საზოგადოების ჩართულობა: ერთად ვაცნობიერებთ ჩვენს საერთო ჰუმანურობას და გვჯერა, რომ განათლებას უკეთესი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნა შეუძლია.

10. მზრუნველი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები: მოსწავლეებს საკუთარი იდეების, მოსაზრებების გამოხატვა და ისეთი გადაწყვეტილებების შეთავაზება შეუძლიათ, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევენ როგორც თავიანთ, ისე სხვების ცხოვრებაში.

IB-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით

PYP-ის სასწავლო პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული,  ტრანსდისციპლინური, კვლევაზე დაფუძნებული და კონცეპტუალურია, რომელიც პასუხისმგებლობიან ქმედებას პროგრამის ცენტრში ათავსებს და საგნებს როგორც ტრადიციულ საზღვრებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ შეისწავლის.

სწავლა-სწავლების მიდგომები გამყარებულია იმის გაცნობიერებით, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები. ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, გამოხატვის თავისუფლებისა და ინდივიდუალური დამსახურების პატივისცემის გზით, დაწყებითი საფეხურის პროგრამა მოსწავლეების აკადემიური, სოციალური და ემოციური კეთილდღეობის განვითარებას ისახავს მიზნად.

IB პროგრამების მიზანია საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანების აღზრდა, რომლებიც საყოველთაო ჰუმანურობისა და პლანეტაზე კოლექტიური მზრუნველობის მნიშვნელობის აღიარებით, უკეთესი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნას შეეცდებიან.

6 ტრანსდისციპლინური თემა

დაწყებითი საფეხურის პროგრამის (PYP) ფარგლებში, მოსწავლეები საგნების ტრადიციულ საზღვრებს მიღმა, რეალურ სამყაროში არსებულ პრობლემებს იკვლევენ. კვლევით სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამა ექვსი ტრანსდისციპლინური თემის შესწავლას აერთიანებს:

1. ვინ ვართ ჩვენ

2. სად ვართ დროსა და სივრცეში

3. როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს

4. როგორ მუშაობს სამყარო

5. როგორ ვუწევთ საკუთარ თავს ორგანიზებას

6. პლანეტის გაზიარება

საგნები

„ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ PYP-ს სასწავლო პროგრამა 6 საგნისგან შედგება:

1. ენა

2. მათემატიკა

3. მეცნიერება

4. სოციალური მეცნიერებები

5. ხელოვნება

6. პიროვნული, სოციალური და ფიზიკური განათლება

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) PYP-ში

IB სასწავლო გეგმის ფარგლებში, მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების ინსტრუმენტებს რეალური პრობლემების გადასაწყვეტად იყენებენ. მოსწავლეები ეუფლებიან ტექნოლოგიების გამოყენებას, იძენენ ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას და სწავლობენ ტექნოლოგიების დახმარებით.

თვითავტონომია, თვითეფექტიანობა და მოქმედება PYP-ში

თვითავტონომია, თვითეფექტიანობა და მოქმედება PYP-ში სწავლის ფუნდამენტია:

თვითავტონომია: სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლე როგორც საკუთარი, ისე სხვების სწავლების აგენტია. როდესაც მასწავლებლები თვითავტონომიისა და თვითეფექტიანობის მნიშვნელობას აცნობიერებენ, მოსწავლეები  სასწავლო პროცესში პარტნიორები ხდებიან.

თვითეფექტიანობა: რაც უფრო ძლიერია მოსწავლეებში თვითეფექტიანობის განცდა, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ისინი გამოავლენენ თვითავტონომიას. თავდაჯერებული მოსწავლეები მონაწილეობენ სასწავლო პროცესში და აქტიურად მოქმედებენ სასწავლო საზოგადოებაში.

მოქმედება: ინდივიდუალური და კოლექტიური მოქმედებით, მოსწავლეები იმ პასუხისმგებლობებს აცნობიერებენ, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო აზროვნებასთან და ერთობლივი მიზნისთვის, კოლექტიური შრომის სარგებლის დაფასებას სწავლობენ. მოქმედება, რომელიც არსებითია თვითავტონომიის უნარის განვითარებისთვის, PYP-ის განუყოფელი ნაწილია და საერთაშორისო აზროვნების ჩამოყალიბების ყოვლისმომცველი შედეგის მიღწევას ემსახურება.

PYP გამოფენა

დაწყებითი საფეხურის პროგრამის ბოლო წელს, მოსწავლეები PYP გამოფენაში მონაწილეობენ და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხს ან შესაძლებლობას იკვლევენ, ასაბუთებენ და სხვებს უზიარებენ.  თვითავტონომიურობისა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობის ხაზგასმით, PYP გამოფენა მოსწავლეებს სწავლისთვის აუცილებელი უნარებისა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ამზადებს მათ გახდნენ პასუხისმგებლობიანი, ცნობისმოყვარე და მცოდნე მსოფლიო მოქალაქეები.

PYP-ს გამოფენა მოსწავლეებს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა თავიანთი ცოდნა და გაგება რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ან ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად გამოიყენონ.

გამოფენისთვის მზადების პროცესში, მოსწავლეები დამოუკიდებლად აყალიბებენ კითხვებს, ადგენენ კვლევის გეგმას და აქტიურად ეძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პროცესი ახალისებს ცნობისმოყვარეობას, ხელს უწყობს დამოუკიდებელ აზროვნებას და მოსწავლეებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებს შორის კავშირების დამყარებას მოუწოდებს.

კვლევის პროცესში სხვებთან თანამშრომლობა  მოსწავლეებს თვითმართვის უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც საკუთარ სწავლებაზე პასუხისმგებლობის აღების, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და სასწავლო საზოგადოებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

PYP-ის ტრანსდისციპლინური მოდელი სასკოლო ცხოვრების სამ საყრდენს ეფუძნება: მოსწავლე, სწავლა და სწავლება და სასწავლო საზოგადოება.

მოსწავლე

PYP-ს სასწავლო გეგმა აგებულია იმ წინაპირობაზე, რომ მოსწავლეები საკუთარი სწავლების აგენტები და სასწავლო პროცესში პარტნიორები არიან. იმის გაცნობიერება, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები, ფუნდამენტურია სწავლისა და სწავლების კვლევაზე დაფუძნებული, კონცეპტუალური და ტრანსდისციპლინური მოდელისთვის. PYP-ს სჯერა მოსწავლეების პოტენციალის გამოიკვლიონ, დასვან შეკითხვები, დაინტერესდნენ და იმსჯელონ საკუთარი თავებზე, სხვებზე და მათ გარშემო არსებულ სამყაროზე.

სწავლა-სწავლება

დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP) უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო, რელევანტური, გამოწვევებით სავსე და მრავალმნიშვნელოვანი. PYP-ის სასწავლო გეგმა IB განათლების ფუნდამენტურ, საერთო მახასიათებლებს აერთიანებს, კერძოდ:

1. IB მოსწავლის პროფილის ატრიბუტების განვითარება

IB მოსწავლის პროფილი ადამიანის უნარების და შესაძლებლობებისა ფართო სპექტრს ასახავს, რომელიც ინტელექტუალურ, პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ზრდას მოიცავს. IB მოსწავლის პროფილის ატრიბუტების განვითარება და დემონსტრირება საერთაშორისო აზროვნების ჩამოყალიბების  საფუძველია. 

IB მოსწავლე მიისწრაფვის, რომ იყოს:

1. მკვლევარი: ვართ ცნობისმოყვარეები და ვიკვლევთ; ვიცით, როგორ ვიმუშაოთ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად; ვსწავლობთ ენთუზიაზმითა და ვინარჩუნებთ სწავლის სიყვარულს ცხოვრების მანძილზე.

2. მცოდნე: ვიყენებთ და ვავითარებთ კონცეპტუალურ გაგებას; ვიძენთ ცოდნას სხვადასხვა დისციპლინიდან; ვიკვლევთ ლოკალური და გლობალური მნიშვნელობის საკითხებს.

3. მოაზროვნე: ვიყენებთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს და პასუხისმგებლობით ვეკიდებით კომპლექსურ პრობლემებს; ჩვენივე ინიციატივით ვიღებთ ეთიკურ, გააზრებულ გადაწყვეტილებებს.

4. კომუნიკაბელური: თავდაჯერებულად და კრეატიულად წარვადგენთ საკუთარ თავს/შესაძლებლობებს სხვადასხვა გზით, სხვადასხვა ენაზე; ვთანამშრომლობთ ეფექტიანად; ყურადღებით ვუსმენთ ინდივიდებისა და ჯგუფების მოსაზრებებს.

5. პრინციპული: ვმოქმედებთ პატიოსნად, კეთილსინდისიერად; ვართ სამართლიანები და პატივს ვცემთ სხვა ხალხთა უფლებებს; ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებსა და მათ შედეგებზე.

6. გონებაგახსნილი: ვიყენებთ კრიტიკული აზროვნების უნარებს როგორც საკუთარი კულტურისა და ისტორიის, ასევე სხვების ფასეულობებისა და ტრადიციების შესასწავლად. ვუსმენთ და პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს; მივისწრაფვით, რომ ვისწავლოთ პირადი გამოცდილებიდან.

7. მზრუნველი: ვავლენთ ემპათიას, თანაგრძნობასა და პატივისცემას; ვემსახურებით საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ; ჩვენი ქმედებებით შეგვაქვს პოზიტიური ცვლილებები სამყაროსა და ადამიანების ყოფაში.

8. გაბედული: წინდახედულობასა და გამბედაობას ვავლენთ გაურკვევლობის წინაშე; ვმოქმედებთ დამოუკიდებლად; ვთანამშრომლობთ ახალი იდეებისა და ინოვაციური სტრატეგიების აღმოსაჩენად; ვინარჩუნებთ წონასწორობას სირთულეებისა და ცვლილებების დროს.

9. გაწონასწორებული: პირადი და გლობალური კეთილდღეობის მისაღწევად ვაცნობიერებთ ბალანსის დაცვის მნიშვნელობას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში, როგორებიცაა:  ინტელექტუალური, ფიზიკური და ემოციური. ვიაზრებთ სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთკავშირის მნიშვნელობას.

10. რეფლექსიური: ვუღრმავდებით სამყაროს, საკუთარი იდეებისა და გამოცდილებების შესწავლას; ვმუშაობთ, რომ გავაცნობიეროთ ჩვენივე ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა ხელი შევუწყოთ სწავლისა და თვითგანვითარების პროცესს.

2. ტრანსდისციპლინური სწავლება

დაწყებითი საფეხურის პროგრამის (PYP) განმავლობაში, მოსწავლეები საგნების ტრადიციული საზღვრების მიღმა, რეალურ სამყაროში არსებულ პრობლემებს იკვლევენ. ტრანსდისციპლინური მოდელის მეშვეობით, მოსწავლეებს ისეთი კოგნიტიური, ემოციური და სოციალური ინსტრუმენტები უვითარდებათ, რომლებიც სწავლის სიყვარულის განმტკიცებას ემსახურება.

კვლევით სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამა ექვს ტრანსდისციპლინურ თემას მოიცავს:

1. ვინ ვართ ჩვენ

2. სად ვართ დროსა და სივრცეში

3. როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს

4. როგორ მუშაობს სამყარო

5. როგორ ვუწევთ საკუთარ თავს ორგანიზებას

6. პლანეტის გაზიარება

3. კონცეპტუალური კვლევა-ძიება

PYP-ში კვლევა-ძიების პროცესი ცნებებს ეფუძნება. კონცეპტუალური კვლევის მიდგომა სწავლის მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც მოსწავლეებს მოუწოდებს გასცდნენ ზედაპირულ ცოდნას და მნიშვნელოვანი იდეები კრიტიკულად და შემოქმედებითად გამოიკვლიონ. PYP-ს აბსტრაქტული, მარადიული და უნივერსალური ცნებები მოსწავლეებს კონცეპტუალური აზროვნების ჩამოყალიბებასა და საგნებს/დისციპლინებს შორის კავშირების დამყარებაში ეხმარება.

კონცეპტუალური სწავლება სცდება მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის საზღვრებს და საგნების სიღრმისეულ შესწავლას მოიაზრებს. მარტივად რომ ვთქვათ, ცნებები დიდი იდეებია, რომლებიც გაგების ჩამოყალიბებაში გვეხმარება, ხოლო მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება ცოდნის დაგროვებას უწყობს ხელს. 

დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP) 7 ცნებას აერთიანებს:

1. ფორმა

2. ფუნქცია

3. მიზეზშედეგობრიობა

4. ცვლილება

5. კავშირი

6. პერსპექტივა

7. პასუხისმგებლობა

4. სწავლისადმი მიდგომები

„ვისწავლოთ ის, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ“ ფუნდამენტურია მოსწავლის ცხოვრებისთვის როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ. IB-ს სწავლისადმი 5 მიდგომა თვითშემეცნების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად და მოსწავლეებს შემდეგი უნარების განვითარებაში ეხმარება:

1. აზროვნების უნარები

2. კვლევის უნარები

3. კომუნიკაციის უნარები

4. თვითმართვის უნარები

5. სოციალური უნარები

სასწავლო საზოგადოება

IB ცოდნის მაძიებლების მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ განათლებას კავშირების გაბმა და უკეთესი, უფრო მშვიდობიანი სამყაროს შექმნა შეუძლია. IB-ს სასწავლო საზოგადოება სწავლის ყველაზე ფართო კონტექსტად სამყაროს განიხილავს.

სასწავლო საზოგადოებაში მოიაზრება ყველა, ვინც სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობს: მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები, სკოლის თანამშრომლები და ის პირები, რომელთაც როგორც მოსწავლის ცხოვრებაში, ისე საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. კვლევის, მოქმედებისა და რეფლექსიის ციკლის მეშვეობით, რომელიც სასწავლო პროცესის ცენტრში ათავსებს მოსწავლეს, PYP კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP) მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ:

1. ცოდნა, კონცეპტუალური გაგება და სწავლისადმი მიდგომები;

2. საერთაშორისო აზროვნება;

3. IB მოსწავლის პროფილის ატრიბუტები.

PYP გამოფენა

PYP გამოფენა მოსწავლეებს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა თავიანთი ცოდნა და გაგება რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ან ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად გამოიყენონ.