„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“

IB საერთაშორისო ბაკალავრიატი

საერთაშორისო ბაკალავრიატის მიზანია აღზარდოს ადამიანებსა და სამყაროზე მზრუნველი ახალგაზრდები, რომლებიც კულტურათაშორისი გაგებისა და პატივისცემის გზით, უკეთესი და მშვიდობიანი პლანეტის შექმნას შეეცდებიან. IB პროგრამა მოსწავლეებს ეხმარება გახდნენ აქტიურები, ემპათიურები და (მუდამ) ცოდნის მაძიებელნი, იმის გაცნობიერებით, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიმართ მიმღებლობას მრავალფეროვანი თვალთახედვების აღმოჩენისკენ მივყავართ. IB მოსწავლეები საკუთარ განათლებაზე იღებენ პასუხისმგებლობას და იაზრებენ, თუ როგორ შეუძლიათ ცოდნის მოპოვება.

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ იზიარებს საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მისიას, გამოავლინოს და განავითაროს მოსწავლეთა პოტენციალი, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მსოფლიო მოქალაქეებად, რომლებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად ინიციატივის გამოჩენა შეუძლიათ.

IB საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები

მოსწავლეებს მოუწოდებს:

დასვან კომპლექსური კითხვები

იფიქრონ კრიტიკულად

ისწავლონ ინტერდისციპლინარულად

განივითარონ კვლევის უნარ-ჩვევები

IB ფილოსოფია

IB განათლების მისია და ფილოსოფია ოთხ ფუნდამენტურ და ურთიერთდაკავშირებულ ელემენტს მოიცავს, რომელიც არსებითია IB-ის ყველა პროგრამისთვის.

1. გლობალური აზროვნება/ხედვა: IB პროგრამა მიზნად ისახავს გლობალურად მოაზროვნე ადამიანების აღზრდას, რომლებიც საყოველთაო ჰუმანურობის და პლანეტაზე კოლექტიური მზრუნველობის მნიშვნელობას აღიარებენ.

2. IB მოსწავლის პროფილი: უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას, ხოლო IB მოსწავლის პროფილის 10 ატრიბუტი საგანმანათლებლო პროცესის მიმართ IB-ის ჰოლისტურ მიდგომებს ასახავს.

3. ყოვლისმომცველი, დაბალანსებული, კონცეპტუალური და ურთიერთდაკავშირებული სასწავლო გეგმა: IB პროგრამის თითოეული საფეხური დეტალურ და მოსწავლის ასაკობრივი განვითარებისთვის შესაბამის სასწავლო გეგმას მოიცავს, რომელიც ყოვლისმომცველი, დაბალანსებული, კონცეპტუალური და ურთიერთდაკავშირებულია.

4. სწავლებისა და სწავლისადმი მიდგომები: IB სკოლებში, პედაგოგები და მოსწავლეები სწავლა-სწავლების IB მიდგომებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც კვლევის, ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და რეფლექსიის ციკლზეა დაფუძნებული.

IB მოსწავლის პროფილი

IB მოსწავლის პროფილი მოსწავლეებს სასწავლო პროცესის ცენტრში ათავსებს და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.

IB მოსწავლის პროფილში შემავალი 10 ატრიბუტის განვითარება, გლობალურად მოაზროვნე ადამიანების ჩამოყალიბების საფუძველია, რომლებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

IB-ს მოსწავლეები მიისწრაფვიან, რომ იყვნენ მკვლევრები, მცოდნეები, მოაზროვნეები, კომუნიკატორები, პრინციპულები, გონებაგახსნილები, მზრუნველები, გაბედულები, გაწონასწორებულები და რეფლექსიურები.

IB მოსწავლის პროფილის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

კვლევის, მოქმედების და რეფლექსიის ურთიერთკავშირი

IB პროგრამების მიზანი მრავალფეროვანი უნარ-ჩვევებისა და ხედვების ჩამოყალიბებაა, რაც მოსწავლეებს პასუხისმგებლობის აღების და პროგრესის ეფექტურად შეფასების შესაძლებლობას აძლევს. ეს მიდგომა გამოხატულია კვლევის (შეკითხვის დასმის), მოქმედების (კეთების) და რეფლექსიის (ფიქრის) ურთიერთკავშირით. IB განათლება მხარს უჭერს საკლასო გარემოს, რომელიც განსხვავებულ მოსაზრებებსა და პერსპექტივებს აფასებს.

1. კვლევა:  შეკითხვების დასმა და კვლევა IB კურიკულუმის ბირთვია, რომელზეც სწავლა-სწავლების და შეფასების მიდგომებია დაფუძნებული.

2. მოქმედება: მიზანმიმართული მოქმედება, რომელიც სტრატეგიის შემუშავებასა და წინასწარდაგეგმილი მიზნის მიღწევას გულისხმობს, ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების მნიშვნელობას გამოხატავს.

3. რეფლექსია: კრიტიკული რეფლექსია ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების და გამოცდილების მიღების პროცესია, რომელსაც საკითხის უფრო ღრმა გაგებამდე მივყავართ. მოსწავლეები, სასწავლო პროცესის დროს, მტკიცებულებების, მეთოდების და დასკვნების გამოყენების მნიშვნელობას აცნობიერებენ.

სწავლისადმი მიდგომები

„ვისწავლოთ ის, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ“ IB ფილოსოფიის ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც ურთიერთდაკავშირებული უნარების ხუთ კატეგორიას გამოყოფს. ეს უნარები, რომლებსაც სწავლისდმი მიდგომებს ვუწოდებთ, მოსწავლეებს სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაში, სწორი შეკითხვების დასმაში, მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში ეხმარება.

„ვისწავლოთ ის, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ“ IB ფილოსოფიის ფუნდამენტია

სწავლისადმი 5 მიდგომა მოიცავს:

1. აზროვნების უნარები: კრიტიკული, შემოქმედებითი და ეთიკური აზროვნება;

2. კვლევის უნარები: ინფორმაციის შედარება, შეპირისპირება, დამტკიცება და პრიორიტეტების განსაზღვრა;

3. კომუნიკაციის უნარები: წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, მოსმენის, გაგების და არგუმენტების ჩამოყალიბების უნარები;

4. სოციალური უნარები: პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება, მოსმენისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარ-ჩვევები;

5. თვითმართვის უნარები: საორგანიზაციო და ემოციური რეგულაციის უნარების განვითარება, როგორებიცაა დროის სწორად გადანაწილება, პოზიტიური თვალთახედვა და მოტივაცია.

სწავლებისადმი მიდგომები

საერთაშრისო ბაკალავრიატი (IB) სწავლებისადმი ექვსი საკვანძო მიდგომით ხელმძღვანელობს, რომლებიც თანმიმდევრულია ყველა პროგრამისთვის:

1. კვლევაზე დაფუძნებული: ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და საკუთარი დასკვნების, მოსაზრებების ჩამოყალიბება.

2. კონცეფციაზე ორიენტირებული: დისციპლინური ცოდნის გაღრმავება ცნებების გამოკვლევის გზით და სხვადასხვა კონტექსტს შორის პირდაპირი კავშირების აღმოჩენა.

3. კონტექსტური : ცხოვრებისეული მაგალითებისა და ლოკალური/გლობალური კონტექსტის გამოყენება მოსწავლეების გამოცდილებების დასაკავშირებლად გარე სამყაროსთან.

4. კოლაბორაციული: გუნდური მუშაობის წახალისება და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

5. ინკლუზიური და დიფერენცირებული: სწავლების დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრა, მრავალფეროვნების წახალისება  და მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნა ინდივიდუალური მისწრაფებების მისაღწევად.

6. შეფასებაზე დაფუძნებული: შეფასების, როგორც სწავლების მხარდამჭერი, გამზომი და განმავითარებელი ინსტრუმენტის მნიშვნელობის აღიარება.

საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების საერთო მიზანი, IB მოსწავლის პროფილის ატრიბუტების განვითარებით, საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანების ჩამოყალიბებაა. IB-ის ყველა პროგრამას თავისი მკაფიოდ გამორჩეული იდენტობა აქვს, რომელიც მოსწავლეების განვითარების ეტაპებზე დაფუძნებული შესაბამისი ელემენტებისგან შედგება. IB-ის პროგრამების სასწავლო გეგმა ყოვლისმომცველი, დაბალანსებული, კონცეპტუალური და ურთიერთდაკავშირებულია.

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ მოსწავლეებს შემდეგ პროგრამებს სთავაზობს:

1. დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP ფრესქული, PYP 1-5 კლასები)

2. შუალედური საფეხურის პროგრამა (MYP 6-10 კლასები)

3. დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP 11-12 კლასები)

დაწყებითი საფეხურის პროგრამის (PYP) ფარგლებში მოსწავლეები გლობალური მნიშვნელობის ექვს ტრანსდისციპლინურ თემას იკვლევენ, როგორებიცაა ჩვენი თვითმყოფადობა (ვინ ვართ ჩვენ), ისტორიული კონტექსტი (სად ვართ დროსა და სივრცეში), თვითგამოხატვა (როგორ გამოვხატავთ საკუთარ თავს), სამყაროს ფუნქციონირება (როგორ მუშაობს სამყარო), სოციალური ორგანიზაცია (როგორ ვუწევთ საკუთარ თავს ორგანიზებას) და ჩვენი პასუხისმგებლობა პლანეტის წინაშე ( ვიზიარებთ პლანეტას). დაწყებითი საფეხურის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულებს: სკოლამდელი განათლების პროგრამა (PYP), დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP)

შუალედური საფეხურის პროგრამის (MYP) ფარგლებში მოსწავლეები ექვს ინტერდისციპლინურ გლობალურ კონტექსტს იკვლევენ. ეს კონტექსტები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა იდენტობა და ურთიერთობები, პიროვნული და კულტურული გამოხატულება, დროსა და სივრცეში ორიენტირება, სამართლიანობა და განვითარება, მეცნიერული და ტექნოლოგიური ინოვაცია, გლობალიზაცია და მდგრადი განვითარება. შუალედური საფეხურის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის,  ეწვიეთ ბმულს: შუალედური საფეხურის პროგრამა (MYP)

დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP) ექვსი დისციპლინური საგნობრივი ჯგუფისგან და 3 ცენტრალური საგნისგან შედგება  – ცოდნის თეორია (TOK), სადიპლომო ნაშრომი (EE) და კრეატიულობა, აქტივობა, სერვისი (CAS). „საიდან ვიცით ის, რაც ვიცით?“ – „ცოდნის თეორიის“ ფუნდამენტური შეკითხვა მოსწავლეებს ცოდნის არსზე დააფიქრებს და თავიანთი პერსპექტივებისა და ვარაუდების სიღრმისეული გამოკვლევისკენ უბიძგებს. დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის,  ეწვიეთ ბმულს: დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP)

IB დიპლომი გამორჩეული სტატუსით სარგებლობს მსოფლიოს 1931 უნივერსიტეტში. ყოველწლიურად, IB კურსდამთავრებულები 90-მდე ქვეყანაში, 3300-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ უმაღლესი განათლების მიღებას.

წამყვანი უნივერსიტეტები, რომლებშიც IB კურსდამთავრებულები ირიცხებიან:

    • ჰარვარდის უნივერსიტეტი
    • სტენფორდის უნივერსიტეტი
    • იელის უნივერსიტეტი
    • მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT)
    • ოქსფორდის უნივერსიტეტი
    • კემბრიჯის უნივერსიტეტი
    • პრინსტონის უნივერსიტეტი
    • კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Caltech)
    • ჩიკაგოს უნივერსიტეტი
    • ლონდონის იმპერიული კოლეჯი

2023 წელს, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის 20-მა კურსდამთავრებულმა, ჯამში 2,700,000 აშშ დოლარის დაფინანსება და 80 მოწვევის წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის,  ბელგიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

IB

IB მოსწავლეების

უნივერსიტეტში ჩარიცხვის მაჩვენებლები და მიღწეული წარმატებები:

1. უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მაჩვენებლები:  IB მოსწავლეებს, სხვა პროგრამების მოსწავლეებთან შედარებით, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ. 

2. უფრო მაღალი საშუალო ქულები: IB მოსწავლეები, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების მოსწავლეებთან შედარებით, უფრო მაღალ საშუალო ქულებს იღებენ სტანდარტიზებულ ტესტებსა და გამოცდებში.

3. უმაღლესი განათლებისთვის მზადყოფნა: IB მოსწავლეები კარგად არიან მომზადებულნი უმაღლესი განათლების გამოწვევებისთვის, რადგან IB-ს კურიკულუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კრიტიკული აზროვნების, კვლევისა და დამოუკიდებელად სწავლის  უნარების განვითარებას.

4. შედეგები კონკრეტულ საგნებში: ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ IB მოსწავლეები კარგ შედეგებს აჩვენებენ ისეთ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, მეცნიერებები და ენები.

საერთაშორისო ბაკალავრიატის® მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა IB პროგრამების გლობალური გავლენა, აკადემიური მიღწევები და ის მნიშვნელოვანი უპირატესობები, რომლებსაც IB პროგრამები ანიჭებს მოსწავლეებს როგორც საკლასო ოთახებში, ისე – მათ მიღმა.