ანა მიქიაშვილი: როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია ბავშვებში? რა წაახალისებს მათ?

ანა მიქიაშვილი – ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფსიქოლოგი

როცა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვიყავი, ჩემს კლასელებს მშობლები ფულს აძლევდნენ ხოლმე, თუ ისინი ‘’ხუთიანს’’ მიიღებნენ. ერთ კლასელს მანქანის ყიდვას შეპირდნენ, თუ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ჩააბარებდა.

ჩემს მშობლებს არასდროს არაფერი მოუციათ ‘’ხუთიანის’’ გამო, შოკოლადსაც კი არ შემპირებიან კარგი სწავლისთვის. ამაზე იმ დროს გული მწყდებოდა, ახლა კი მშვიდად ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩემთვის სწავლის პროცესი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქულებში ასახული შედეგი.

როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია ბავშვებში? რა წაახალისებს მათ? რამდენად ეფექტურია ესა თუ ის განმამტკიცებელი? – ამ კითხვებზე პასუხებს ვეძებ მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიის სწავლა დავიწყე. ყოველდღიურად ახალ ტექნიკებს ვეცნობი, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, ბავშვის სწავლის საფასურად მატერიალური ჯილდოს გამოყენებას საბოლოოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს.

ავიღოთ მაგალითი, როცა მშობლებს სურთ, გაზარდონ შვილის ინტერესი სწავლისადმი და პირდებიან, რომ წლის ბოლოს, კარგი ნიშნების შემთხვევაში, უყიდიან ტელეფონს. ბავშვის აკადემიური მიღწევები შესაძლოა ასე თუ ისე გაუმჯობესდეს. ის ყველაფერს გააკეთებს სასურველი ტელეფონის მისაღებად, მაგრამ ტელეფონის მიღებისთანავე მშობლებს ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ, რას შეპირდნენ შემდეგი სემესტრისთვის, რომ მისი ნიშნები რაღაცნაირად შეინარჩუნონ. შემდეგ მოუწევთ, უბრალოდ ტელეფონის კი არა, ძვირადღირებული ტელეფონის შეპირება, შემდეგ კიდევ უფრო ახალი მოდელის და აშ. ეს ჯილდოები კი ელვის სისწრაფით უფასურდება და უფრო და უფრო ნაკლებ ეფექტური ხდება.

საბოლოო ჯამში კი იზრდება ადამიანი, რომლისთვისაც სასწორის ერთ მხარეს სწავლა, ცოდნა და უნარებია, ხოლო მეორე მხარეს მატერიალური ფასეულობები. მისთვის წარმატება მიღებული ჯილდოს მიხედვით გაიზომება.

არსებობს მრავალფეროვანი სტრატეგიები იმისთვის, რომ სწავლის პროცესი მიმზიდველი იყოს, ბავშვების მოტივაცია გავზარდოთ და შევინარჩუნოთ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  1. სკოლიდან სახლში მოსულ ბავშვს კითხეთ არა ქულების და ნიშნების შესახებ, არამედ დაინტერესდით იმით, თუ რა ისწავლა დღეს ახალი და რა მოეწონა;
  2. ყოველთვის აღნიშნეთ მიღწევები და წარმატებები, მაშინაც კი, როცა სულ პატარა ნაბიჯია წინ გადადგმული. მაგალითად, თუ ბავშვმა დღეს უკეთ ითამაშა კალათბურთი, ვიდრე წინა შეხვედრის დროს, აღნიშნეთ ეს, მერე რა, რომ ის ჯერ არ გადაუყვანიათ ძირითად მოთამაშეებში;
  3. ყოველთვის დაეყრდენით მის ძლიერ მხარეებს, როდესაც გსურთ რომელიმე სფეროს განვითარება. მაგ. თუ თქვენს შვილს კარგად გამოსდის კითხვა და უადვილდება წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანა, ხოლო უჭირს მათემატიკური მაგალითების ამოხსნა, დაიწყეთ ამოცანებით, რომლის პირობის წაკითხვაც საჭიროა. აღნიშნეთ ისიც კი, რომ მან ამოცანის პირობა კარგად გაიგო. მშრალ მაგალითებზე მას შემდეგ გადადით, რაც მისთვის მათემატიკა შედარებით სახალისო და საინტერესო გახდება;
  4. ყოველდღიური აქტივობები დააკავშირეთ უკვე ნასწავლთან. ბავშვებს ხშირად აქვთ განცდა, რომ რასაც სკოლაში სწავლობენ, ის არსად დაჭირდებათ. ამაში ‘’დამნაშავე’’ ხშირად უფროსები არიან, რომლებიც ეუბნებიან, რომ იქედან რაც სკოლაში ისწავლეს, აღარაფერი ახსოვთ. რეალურად სწავლის პროცესი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რაღაც ინფორმაციის დამახსოვრება. დასწავლის უნარების განვითარება ბევრად უფრო საჭიროა, ვიდრე კონკრეტული ცოდნის დაგროვება. დასწავლის უნარში იგულისხმება თუნდაც ტექსტის დამუშავება, ანალიზი, ლოგიკური აზროვნების გავარჯიშება, ნებისყოფის განვითარება და სხვა;
  5. შესთავაზეთ აქტივობები ისეთ თემებზე, რომლებიც მათთვის საინტერესოა. მაგ. თუ შეატყვეთ, რომ ბავშვი ინტერესდება მითოლოგიით, თქვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მან უცხო ენები იცოდეს, შესთავაზეთ უცხო უნაზე დაწერილი მარტივი საკითხავი მასალა ილუსტრაციებით, მითოლოგიის თემაზე; თქვენ კი აუცილებლად დაინტერესდით, თუ რა წაიკითხა, რა მოეწონა, რა აღმოაჩინა ახალი და რა კითხვები უტრიალებს თავში; 
  6. ნუ მოიყვანთ უარყოფით მაგალითებს მშობლების ბავშობიდან, მაგ. ‘’მამაშენსაც არ უყვარდა ფიზიკა’’, ‘’ბიძაშენი საერთოდ აგიჟებდა მასწავლებლებს’’, ‘’დედაშენიც პრანჭვას იყო გადაყოლილი’’ და აშ. ქცევა და ინტერესები გენეტიკურად არ გადადის და ძირითადად სოციალურ კონტექსტზეა დამოკიდებული. ბავშვები კი ასეთ ფრაზებს იჯერებენ და პირდაპირ იბეჭდავენ თავში. რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მათ მოტივაციაზე. იფიქრებენ, რომ სხვანაირად არ შეიძლება და მათ ეს სიზარმაცე ან ინტერესები მემკვიდრეობით დაჰყვათ;

თუ ბავშვს ესა თუ ის საგანი არ მოსწონს, ამის მიზეზი შეიძლება სულ მცირე დეტალი იყოს, რომელიც განწყობის დონეზე მოქმედებს. ხშირად რეალური მიზეზი სულაც არაა ხოლმე გაცნობიერებული და ის გარემოს უკავშირდება. ამ დროს კი ბავშვს უჩნდება აზრი, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია ამის სწავლა, არ აქვს საკმარისი უნარები და აშ.

წარმოვიდგინოთ, რომ ლიზამ გერმანულის სწავლა პირველ კლასშივე დაიწყო. ბავშვები ხალისით სწავლობდნენ და მასწავლებელმა გადაწყვიტა მათთვის წერაც ესწავლებინა. აღმოჩნდა, რომ ქართულის და გერმანულის წერის სწავლება პარალელურად მიმდინარეობდა და ლიზას ზოგი ისეთი ასოს გამოწერა უწევდა, რომელიც ჯერ ქართულადაც კი არ იცოდა. ამის გამო ის ძალიან იბნეოდა. ნელ-ნელა სიძნელეები გაიზარდა და ლიზას უკვე აღარ ეხალისებოდა გერმანულის მეცადინეობა, რაც მის წარმატებებზეც აისახა.  ლიზა ამას ძალიან განიცდიდა. მამამ რომ ნიშნები ნახა, ლიზას დამშვიდება გადაწყვიტა და უთხრა, ‘’არაუშავს, ეტყობა უცხო ენების ნიჭი არ გაქვს, მეც მასე ვიყავი, სხვა საგნები ისწავლე კარგადო’’. ამის მერე ლიზა ისე აღარ შფოთავდა გერმანულთან დაკავშირებით, რადგან იცოდა, ‘’უცხო ენების ნიჭი’’ არ ქონდა. მას იმდენად ჯეროდა ამის, რომ უკვე მოგვიანებით, ინგლისურის და რუსულის სწავლაზეც აღარ ხარჯავდა ენერგიას. ფიქრობდა, ენების ნიჭი არ მაქვს და მაინც ვერ ვისწავლიო.

ზოგჯერ ბავშვებს სულ პატარა მიზეზის გამო ეცვლებათ დამოკიდებულება ამა თუ იმ საგნის მიმართ და შემდეგ ხდება ამ დამოკიდებულების განზოგადება სხვა საგნებზეც, ან ზოგადად სწავლაზე. მათ ჯერათ, რომ რაღაც არ გამოსდით, არ შეუძლიათ, არ აინტერესებთ და სხვანაირად ვერც კი წარმოუდგენიათ. აი ამ წერტილიდან უკან დაბრუნება და დამოკიდებულების შეცვლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პრევენციული ღონისძიებების ჩატარება. ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ, კრიზისული სიტუაცია წინასწარვე აიცილოთ თავიდან.

რაც მთავარია, ყოველთვის ეცადეთ, ბავშვებთან ერთად ბევრი დრო გაატაროთ და მაშინ როცა ერთად ხართ, აქტიურად იკონტაქტოთ. სწავლების პროფესი სკოლაში არ მთავრდება, ბავშვები ყველაზე კარგად უფროსების მიბაძვით და კეთებით სწავლობენ. თქვენგან ისინი ბევრს ისწავლიან!