ნატალი ჯეირანაშვილი: იპოვეთ ისეთი ადგილი, სადაც მაქსიმალურად შეძლებთ იყოთ თავისუფლები, ამის გარეშე არაფერი გამოვა!
თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, სამართლის სკოლაში. ზოგადად, ღრმა ბავშვობიდან მინდოდა სამართალზე სწავლა. ნიუტონში გადმოსვლის შემდეგ გავიგე წესიერად – რა ადგილი იყო თავისუფალი უნივერსიტეტი, რა პრინციპები ჰქონდათ, რას აქცევდნენ ყურადღებას და მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მინდოდა სწავლა (ბაკალავრის დახურვას საქართველოში ვაპირებდი და მგონი იდეალური ადგილი ვიპოვე). მეათე კლასში, უკვე ზუსტად ვიცოდი სად ვაბარებდი და ნიუტონი ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნის მიღწევაში.
არცერთ მასწავლებელთან არ დამჭირვებია მომზადება, ისე მოვხვდი საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტში (აქ ალბათ სუბიექტური ვარ), თანაც დაფინანსებით.
ნიუტონის შესახებ, სრულიად შემთხვევით გავიგე – ფეისბუქზე ვნახე სკოლის გვერდი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ სკოლა შემეცვალა და ყველა ოპტიმალურ ვარიანტს განვიხილავდი. ნიუტონს, ბევრი ისეთი ადამიანი უწევდა რეკომენდაციას, რომელთა აზრსაც მე დღემდე დიდად ვაფასებ. ამის გამო, გავედი გამოცდაზე და მოვხვდი იმ ადგილას, რომელმაც მასწავლა არამარტო მათემატიკისა თუ ფიზიკის ფორმულები, არამედ, მაიძულა გავმხდარიყავი მეტად გამბედავი.
ნიუტონის სკოლამ, ჩემგან შექმნა თავისუფალი ადამიანი. იქამდე, თუნდაც გაკვეთილები ავიღოთ, მუდამ ვამბობდი და ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემგან ელოდებოდნენ. ნიუტონში კი ჩემგან არ ელოდებოდნენ, რომ თამარ მეფე მედიდებინა. არამედ მოელოდნენ, თავისუფლად გამომეხატა საკუთარი აზრი – თუნდაც ისეთი, რომელსაც თავად არ ეთანხმებოდნენ.
ნიუტონში გავიგე, რომ რაღაცებში საზოგადოების დიდი ნაწილისგან განსხვავებული მოსაზრება თუ მაქვს, არ ვარ ცუდი ტიპი. ნიუტონი ის ადგილი იყო, სადაც არავინ არაფერს მაიძულებდა. სწავლა და სიარული სამი წლის მანძილზე ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. და როდესაც ვხედავდი, რომ მასწავლებლებისთვისაც ასევე იყო უდიდეს მოტივაციას ვიძენდი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სკოლამ მასწავლა, არის ფიქრი – იქ პირდაპირ არ გეუბნებიან, რომ მაგალითად ვაშლი ხილია. მასალას ისე გიხსნიან, რომ პასუხამდე თავად მიდიხარ, რაც მგონია რომ უმნიშვნელოვანესია.
არ შემიძლია არ ღვნიშნო მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობა: უმრავლეს სკოლებში მასწავლებლების შიში აქვთ, ზიზღი, სკეპტიკურად, დამცინავად არიან მათ მიმართ განწყობილები. მე ჩემი მასწავლებლები მიყვარს. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, რომ მოესმინათ ჩემთვის. მუდამ მაძლევდნენ რჩევას, მესაუბრებოდნენ სხვადასხვა არასასკოლო თემებზე და ამას თავიანთი დასვენების ხარჯზე აკეთებდნენ.
ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც მარტო იმის მოსმენის გამო არ იღებ ქულას, თუ როგორ უყვარს ამა თუ იმ მასწავლებელს ყიყლიყო (არ ვხუმრობ, ჩემს ძველ სკოლაში ეს თემა საკმაოდ აქტუალური იყო). ნიუტონი ის სკოლაა, სადაც ქულის გამო არ ვაკეთებდი არაფერს. ვსწავლობდი იმიტომ, რომ ეს მჭირდებოდა, ვმუშაობდი იმიტომ, რომ ეს გამომადგებოდა, ვფიქრობდი იმიტომ, რომ ამის საშუალებას მაძლევდნენ.
ნიუტონში რომ არ გადავსულიყავი, დღეს ალბათ არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. ალბათ ისევ შემეშინდებოდა საკუთარი აზრის დაფიქსირება, სადაც უსამართლობას დავინახავდი ხმას კვლავ ვერ ამოვიღებდი და ორ ან სამ ადამიანთან გამოვხატავდი საკუთარ აზრს.
ნიუტონი იყო ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინი, სტარტი, რომელმაც საშუალება მომცა მრავალმხრივ განმევითარებინა საკუთარი თავი. არ ვამბობ, რომ ნიუტონი უხარვეზო სკოლაა, აქაც იყო ჩავარდნები, მეც შემქმნია რაღაც პრობლემები, მაგრამ იმ პრობლემების დროსაც, სკოლა მხარში მედგა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად და რაც მთავარია ჩემთვის მომგებიანად მოეგვარებინათ.
მე მართლა მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ამ სკოლამ მომცა და აბიტურიენტებს (და არამარტო აბიტურიენტებს, ზოგადად ბავშვებს) ვურჩევდი, რომ იპოვონ ისეთი ადგილი, სადაც მაქსიმალურად შეძლებენ იყვნენ თავისუფლები, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა.