იაკო ცომაია: იმის სწავლა, რაც შენ მოგწონს, ნაკლებად დამღლელი და რთულია
ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, შემთხვევით მოვხვდი. ჩემ მეგობარს გამოვყევი მისაღებ გამოცდაზე და საბოლოოდ, მეც ჩავაბარე და გადმოვედი. მართალია, ეს გადაწყვეტილება სპონტანური იყო, თუმცა, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე კარგი, რაც კი აქამდე მიმიღია. ნიუტონმა, ჩემი აზრით, მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული, უამრავი სტერეოტიპი დაარღვია.
სკოლა არ იყო ჩემთვის ის ადგილი, სადაც დილით, ძალდატანებით მივდიოდი. სადაც, ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, თუ როდის გავიდოდა 50 წუთი, ან ვარჩევდით – ვინ რომელ მასწავლებელს ვერ იტანდა.
როგორც ეხლა ვამჩნევ, სკოლაში არსებული სიტუაცია, გაკვეთილების სტილი, ძალიან ჰგავს უნივერსტეტისას. რაც დღეს ძალიან მეხმარება. მასწავლებლები არ იყვნენ ორიენტირებულები მხოლოდ იმაზე, რომ დაგვეზეპირებინა და ჩაგვებარებინა კონკრეტული პარაგრაფები ან ფორმულები.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, ჩავაბარე – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტეტის საქართველოს კამპუსში. იმ ფაკულტეტზე, რომელზეც ძალიან მინდოდა მოხვედრა – კომპიუტერულ ინჟინერიაზე.
სიმართლე გითხრათ, ამ უნივერსიტეტის შესახებაც, სიის შეცვლის საბოლოო ვადამდე ერთი კვირით ადრე გავიგე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მართალია, თავიდან ცოტა გამიჭირდა ინგლისურად სწავლა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე.
აბიტურიენტებს ვურჩევდი, ჩააბარონ იმ ფაკულტეტზე, რაც თვითონ აინტერესებთ და იქ, სადაც თვითონ სურთ. რადგან იმის სწავლა, რაც შენ მოგწონს, ნაკლებად დამღლელი და რთულია.
ასევე ვურჩევდი, იარონ ყველა გაცნობით შეხვედრაზე, რაზეც მოახერხებენ დასწრებას. ეს შეხვედრები, ძალიან დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. ზუსტად გაიგებენ, რა ისწავლება კონკრეტულ ფაკულტეტზე და ნამდვილად სურთ თუ არა ამ სფეროს შესწავლა.
მე წლის დასაწყისში არ ვაპირებდი კომპიუტერული ინჟინერიაზე ჩაბარებას. არც კი ვიცოდი ზოგადად რა ისწავლებოდა ამ ფაკულტეტზე.
საბოლოოდ, მათ ვისაც არ სჯერათ, რომ ადამიანებს შეიძლება უყვარდეთ, ან ენატრებოდეთ სკოლა – მინდა ვუთხრა, რომ დღეს-დღეობითაც, მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვაძალებს იქ ასვლას, ძალიან ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე ნიუტონს.