ხატია ნებულიშვილი: “აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება”
“რამდენიმე დღის წინ, ბავშვებს დავავალე დაეწერათ მოთხრობა, რომლის სათაური ან პირველი წინადადება აუცილებლად უნდა ყოფილიყო ფრაზა კამიუს წიგნიდან “შავი ჭირი”: “აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება.” ბავშვებმა ეს დავალება შემისრულეს და აი, მარიამ გულედანის მოთხრობა:
საკმარისია ფული გადაიხადო, კაფსულა გადაყლაპო და მორჩა, უკვე გაზაფხულია. ადამიანები არ იცვლებიან, მხოლოდ პეიზაჟი იცვლება და რაც მთავარია ამინდი. მე ეს კაფსულა არასოდეს არ გადამიყლაპია. მხოლოდ გადმოცემით ვიცი როგორია გაზაფხული. რადგან, იმ სამყაროში, სადაც მე ვცხოვრობ, იმ სამყაროში, რომელიც პერსეფონისტებმა შექმნეს, მხოლოდ ზამთარია, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა იყიდოს გაზაფხული. ვისაც ფული აქვს, მუდამ გაზაფხულს ყიდულობს, ხოლო ჩვენ, ვისაც ფული არ გვაქვს ერთ პატარა ოთახში ვიყინებით. გარეთაც ფულის საშოვნელად რამდენიმე წუთზე მეტი ვერ გავდივართ, რადგან ძალიან თბილი ტანსაცმლის გარეშე ნამდვილად რამდენიმე წუთში გაიყინები.
მთელი ჩვენი ოჯახი ფულს რამდენიმე თვე ვაგროვებდით, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს მაინც ეყიდა გაზაფხული. გუშინ ღამე კი გადაწყდა, რომ მე უნდა მეყიდა. ახლა კი ვდგავარ დახლის წინ, გრძელ რიგში. ყველაფერი გაყინული მაქვს და სხეულს ვერ ვიმორჩილებ. რიგი ნელ-ნელა იცლება. უეცრად, ჯიბიდან მონეტა მივარდება, ძირს ვიხრები, რომ ავიღო და ჩემს ფეხებთან პატარა ბავშვს ვხედავ, რომელსაც ხელში ჩემი მონეტა უჭირავს. ბავშვს ტუჩები გალურჯებული აქვს, სახე კი გაწითლებული. მონეტას ვართმევ და ვტრიალდები. ორ ნაბიჯს ვდგამ, მაგრამ ვჩერდები, რამდენიმე წამი გაშეშებული ვდგავარ, მერე კი ისევ ვტრიალდები და ჯიბიდან მონეტებს ვიღებ. ცოტა ხანი ვუყურებ, ბავშვს ვუახლოვდები, ხელებში ვიყვან და რიგში ვდგები. აი, ჩვენი რიგიც მოდის, ფულს დახლზე ვყრი, გამყიდველი კაფსულას მაწვდის, პატარას პირს ვუღებ და კაფსულას პირში ვუდებ, ბავშვი იღიმის, მას ძირს ვსვამ, მეც იქვე ვჯდები. ბავშვი იცინის და წინ მირბის, მეც ნაღვლიანი ღიმილით ვაყოლებ თვალს, მერე ვიღაც მხარზე ხელს მადებს, კაცს ვხედავ, რომელსაც თეთრი სამოსი აცვია და მიღიის, მერე ფეხზე მაყენებს და მეუბნება:
– წამოდი მეგობარო, შენები უკვე ზემოთ გელოდებიან.
მარიამ გულედანი