ნატალი ჯალიაშვილი: გავიაზრე, რომ მასწავლებელიც ადამიანია და ჩვენ თანასწორები ვართ

სკოლა ის ადგილია, სადაც, პატარა ადამიანებს დიდ ადამიანობას აჩვევენ და ასწავლიან იმ საზოგდოებაში არსებობას, რომელშიც მომავალში მოუწევთ ცხოვრება. როგორ საზოგადოებაშიც გაიზრდებიან ისეთივე საზოგადოებას შექმნიან თავადაც. სწორედ ამიტომაა სკოლა ასეთი მნიშვნელოვანი.

 
სკოლაში სწავლის ათი წელი საჯარო სკოლაში გავატარე. უამრავი რაღაც არ მომწონდა, მეუცნაურებოდა და არასწორად მიმაჩნდა, მაგრამ ნიუტონში გადასვლის შემდეგ, ცხადად დავინახე, რამდენი უცნაური ფაქტი ყოფილა ჩემთვის სრულიად ჩვეულებრივი და რამდენად წარმოუდგენელი,  არალოგიკური, უსამართლო და სასაცილო ფაქტები მეჩვენებოდა ნორმად.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაცნობიერებდი იმ შეცდომებს, რაც სკოლაში იყო და მქონდა ჩემი შეხედულება, როგორი უნდა ყოფილიყო კარგი სკოლა, ჩემთვის მაინც გადატრიალება იყო ნიუტონში სწავლა. ეს იყო სკოლა, სადაც ჩემი წარმოდგენები განახორციელეს. სკოლა, რომელიც ბავშვისთვის შეიქმნა.

ყველაზე დიდი შოკი იყო, როცა სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვენობით მომმართა. პირველად ვიგრძენი, რომ პატივს მცემდნენ და პიროვნებად აღმიქვამდნენ. გავიაზრე, რომ მასწავლებელიც ადამიანია და ჩვენ თანასწორები ვართ. ვიგრძენი, რომ ისინი ჩემი მტრები არ იყვნენ, რომ სკოლა ჩემთვის შეიქმნა, რომ მე და სკოლას ერთი მიზანი გვქონდა.

 
მე, დღეს, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობ და ვფიქრობ, რომ დიდად არ განსხვავდება საუნივერსიტეტო ცხოვრება იმ სასოლო ცხოვრებისგან, რომელიც ნიუტონში მქონდა. ორივეგან ყველაზე შესამჩნევი თავისუფლებაა. ანუ განცდა, რომ შენს თავზე პასუხისმგებელი შენ ხარ, რომ შენ წყვეტ რას გააკეთებ, როდის და როგორ, რომ შენი თავი შენს ხელშია.

 
ნიუტონის თავისუფალი სკოლა, თავისუფალმა ადამიანებმა შექმნეს. შეუძლებელია სწავლობდე ნიუტონში და არ გქონდეს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც თავისუფლებას ახლავს, რადგან იქ გისმენენ, შენს აზრს პატივს სცემენ, გაფასებენ და როგორც პიროვნებას ისე აღგიქვამენ. შენ იცი, რომ შენს თითოეულ სიტყვას ფასი აქვს და სულერთი არ ხარ,  ეს არც ისე მარტივია.

ეს არის ის, რასაც სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს. ეს არის უნარი, რომელიც არამარტო უნივერსიტეტში ჩასაბარებლადაა საჭირო, არამედ იმ საზოგადოებაში საცხოვრებლად, რომელსაც ასევე ჩვენ შევქმნით.  რაც უფრო მეტი ამ უნარის მქონე ადამიანი გაიზრდება, მით უფრო დიდი შანსია შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება. ამიტომ ყველას, აბიტურიენტსა თუ პირველ კლასელს, ვურჩევ იგრძნოს თავისუფლება, გაიაზროს და არ შეუშინდეს მას.