საერთაშორისო ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (The International Baccalaureate® Diploma Programme) განკუთვნილია მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და შექმნილია მათი ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის გასავითარებლად. DP-ს მოსწავლეები ტრადიციულ აკადემიურ დისციპლინებს ერთმანეთთან აკავშირებენ და მიღებულ ცოდნას რეალური პრობლემების გადაჭრისას იყენებენ. პროგრამის უნიკალური კურსის – „ცოდნის თეორიის“ ფარგლებში, იკვლევენ ცოდნის არსს და ტრადიციულ აკადემიურ დისციპლინებსა და სამყაროს შორის კავშირებს ამყარებენ. გარდა ამისა, DP-ს კურსდამთავრებულები გონებაგახსნილ და ტოლერანტ ადამიანებად ყალიბდებიან, რომლებიც კულტურულ მრავალფეროვნებას აფასებენ და განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს სცემენ.
IB-ს კურსდამთავრებულები პრაქტიკული უნარებით გამოირჩევიან, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში IB მოსწავლის პროფილში აისახება. IB-ს მოსწავლეები მიისწრაფვიან, რომ იყვნენ მკვლევრები, მცოდნეები, მოაზროვნეები, კომუნიკატორები, პრინციპულები, გონებაგახსნილები, მზრუნველები, გაბედულები, გაწონასწორებულები და რეფლექსიურები.
IB მოსწავლის პროფილი
საერთაშორისო ბაკალავრიატის® (IB) მოსწავლის პროფილი ადამიანური შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების ფართო სპექტრს ასახავს, რაც აკადემიური წარმატების ფარგლებს სცილდება.
დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP) გამორჩეული სტატუსით სარგებლობს მსოფლიოს 1931 უნივერსიტეტში. ყოველწლიურად, DP-ს კურსდამთავრებულები 90-მდე ქვეყანაში, 3300-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ უმაღლესი განათლების მიღებას. 2023 წელს, „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის 20-მა კურსდამთავრებულმა, ჯამში 2,700,000 აშშ დოლარის დაფინანსება და 80 მოწვევის წერილი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთის და უნგრეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
აჩვენა, რომ:
სასწავლო პროგრამა DP-ის 3 ცენტრალური საგნისგან და ექვსი საგნობრივი ჯგუფისგან შედგება. DP-ს ცენტრალური საგნები მოსწავლეების გამოწვევას და მათთვის საგანმანათლებლო არეალის გაფართოებას ისახავს მიზნად, რათა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარები რეალური პრობლემების გადასაჭრელად.
DP-ს მოქნილი პროგრამა მოსწავლეებს როგორც ინტენსიურ საგნებზე ფოკუსირების, ამავდროულად, მათი ინტერესის სფეროების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული სასწავლო პროგრამა, მოსწავლეებს უდავო უპირატესობას ანიჭებს სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ან კარიერაში წარმატების მისაღწევად.
ცენტრალური საგნები
DP-ს ბირთვი 3 ცენტრალური საგნისგან შედგება. ცოდნის თეორია (TOK), გავრცობილი ესე (EE) და კრეატიულობა, აქტივობა, სერვისი (CAS) საერთაშორისო ბაკალავრიატის® (IB) დამამთავრებელი საფეხურის პროგრამის ცენტრალური ნაწილია და სავალდებულო ყველა მოსწავლისთვის.
ცოდნის თეორია (TOK)
როგორ ვიცით, რომ ვიცით? TOK მოსწავლეებს ცოდნის არსზე დააფიქრებს. „ცოდნის თეორია“ თავად ცოდნის შესახებ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მისი მიზანია მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილებების გაცნობიერებაში დაეხმაროს. პროგრამა მოუწოდებს მოსწავლეებს როგორც მათი იდეების გაზიარებას, ისე სხვების აზრების მოსმენას და ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას.
კრეატიულობა, აქტივობა, სერვისი (CAS)
პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების გზით, CAS-ი მოსწავლეებს პიროვნული და ინტერპერსონალური განვითარების შესაძლებლობას აძლევს. CAS-ის პროექტები მოსწავლეებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, გამოავლინონ ინიციატივა, გამოიჩინონ შეუპოვრობა და განავითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება. CAS-ის დამოუკიდებელი და ამავდროულად, კოლაბორაციული ხასიათი, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ როგორც პროცესით ასევე მიღწეული შედეგით.
გავრცობილი ესე (EE)
EE დამოუკიდებელი კვლევითი პროცესია, რომელიც 4000 სიტყვიან ესეში ჯამდება. EE მოსწავლეებს მათთვის საინტერესო თემის სიღრმისეულად გამოკვლევის შესაძლებლობას სთავაზობს და DP-ს ექვსი საგნობრივი ჯგუფიდან ერთ-ერთს ეფუძნება. გავრცობილი ესეს შექმნის პროცესში, მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა საკვლევი თემის საკვანძო კითხვის ფორმულირება, დამოუკიდებელი მოკვლევის წარმოების, იდეების გადმოცემისა და არგუმენტების განვითარების უნარები.
DP-ს სასწავლო პროგრამა 6 საგნობრივი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ, სხვადასხვა საგნებს აერთიანებენ. DP-ის საგნობრივი ჯგუფებია: ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, მეცნიერებები და ხელოვნება.